დაუწერელი წარსული





ალბათ ჩემი წინა ბლოგებიდან უკვე იცით, რომ მე  საქართველოში ვიზრდებოდი, მაგრამ მაინც შორს ვიყავი მისგან. ამას თავისი ახსნა აქვს და მისი მიზეზები ჩვენი თემის მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკაში და ჩვენი ქვეყნის ისტორიულ გზაშია. ყველაფერს  რამდენიმე მიზეზი და ახსნა აქვს, და არა ერთი.

ადრე მშობლებს მუდმივად ვადანაშაულებდი. რატომ არ იბრძოლეთ ჩვენთვის? რატომ არ მოითხოვეთ სახელმწიფოსგან ქართული ენის შესწავლა მაინც? რატომ არ იღებდით ხმას, როცა ირღვეოდა თქვენი უფლებები? რა თქმა უნდა, მათ ქონდათ პასუხი: „შენ არ იცი, და ალბათ ვერასდროს გაიგებ, რომ მე სინამდვილეში როგორ გადაგარჩინე“. ხშირად მესმოდა მათგან სიტყვები რომ ღმერთმა იცის, რა წლეები გავიარეთ ჩვენ. მთავარია, რომ ეს აღარ განმეორდეს. მარნეულში ჩამოსახლებულ ადამიანებს ჩვენ ყვავილებით დავხვდით. ჩვენი სახლი, მიწა გავუზიარეთ, კარები გავუღეთ, მაგრამ მათ ჩვენი სიკეთე ბოროტად გამოიყენეს.

დიახ, ზუსტად 30 წელი გავიდა. მანამდე ჩვენ, შვილების თაობას არ გვიყვებოდნენ ამ წარსულის შესახებ. მაგრამ დრო მოვიდა და ბევრმა გარემოებამ აიძულა ჩემი მშობლები და სხვებიც, რომ ჩუმად, სიფრთხილით წარსულზე ალაპარაკებულ იყვნენ. ჩვენს სისხლიან 90-იან წლებზე. ჩვენს ტკივილიან წარსულზე.

დედაჩემის ნათქვამიდან: „ შენ ჯერ 40 დღისაც კი არ იყავი, როცა ეს ყველაფერი დაიწყო. სსრკ დაშლიდან მალევე დაიწყო ძალადობის პირველი ტალღა. მახსოვს, შენ მაღალი სიცხე გქონდა და ამის გამო შენი საავადმყოფოში დატოვება მოგვიწია. 10 კმ-ის გზა ჩვენთვის მოსკოვის გზასავით შორს იყო. გვეშინოდა. ვერ მივდიოდით მარნეულში. ისეთი რთული ვითარება იყო, რომ შენთვის სახელის დარქმევაც კი ვერ მოვასწარით. მხოლოდ თვეების შემდეგ მამაშენმა შეარჩიე შენთვის სახელი „სამირა“. ერთ დღეს გავიგეთ, რომ ჯარი შემოვიდა მარნეულში და ამის გამო ყველა გაიქცა ქალაქიდან. მე ძლივს ვიპოვნე ერთი მანქანა, რომ ჩამოვსულიყავი ქალაქში და მენახა ცოცხალი იყავი თუ არა. სავადმყოფოში არავინ იყო. შენ პალატაში მარტო იყავი. არ იცოდი რა ხდებოდა  და მშვიდად გეძინა. მერე გავიგეთ, რომ ჯარი კი არა,  ბანდიტების და ქურდების ჯგუფი იყო შემოსული ქალაქში. ძარცვავდნენ სახლებს და გვატერორებდნენ.  ვინ იყვნენ ის ადამიანები?! ამაზე  პასუხი ბოლოსკენ მექნება. მეც 30 წლის შემდეგ გავიგე ეს. ცოტა თქვენც მოითმინეთ. მსგავსი ამბები ხდებოდა დმანისში და ბოლნისშიც. ზუსტად მაშინ იყო დაწყებული გამსახურდიას ეთნოწმენდა ჩვენთან, და სხვაგანაც.

ისევ ახლანდელ დროში დავბრუნდები.მახსოვს ის დრო, როდესაც მე ჯიუტად თბილისში სწავლა მინდოდა და ჩემმა მშობლემმა კატეგორიული უარი მითხრეს. ვერ გაგიშვებთ თბილისში, ქართველებთანო. თუმცა, მაინც დადგა დრო და მე თბილისში ერთ-ერთ უნივერსიტეტში ჩავაბარე. ჩემმა მშობლებმა, იპოვეს აზერბაიჯანელი ოჯახი, ვინც თბილისში სახლს აქირავებდა. იმის შემდეგ ცოტა დამშვიდნენ. მე პირიქით, ქართველ ოჯახთან მინდოდა დარჩენა, რომ ქართლი ენა, კულტურა და ტრადიციები მესწავლა.  ვიცოდი, რომ დავიგვიანე და ახლა ბევრი რამე უნდა მომესწრო. მშობლები ყოველდღე მირეკავდნენ, შეშინებულები მომიკითხავდნენ ხოლმე.  ჩემი პასუხი კი სულ ერთიდაიგივე იყო: თბილისი მშვიდი ქალაქია. მე მაშინ ნამდვილად არაფერი ვიცოდი 1990-იანი წლების შესახებ.

ალბათ ჩემი თაობის ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაცია იმიტიმ მოხდა ადვილად, რომ ჩვენმა მშობლებმა თავისი შავი მეხსიერება ჩვენ არ გადმოგვცეს. ეს ღირსეულად და შეგნებულად გააკეთეს. ტკივილი გადამალეს.  ჩვენც არაფერი ვიცოდით, რა მოხდა ჩვენს წარსულში.  

მახსოვს ის დრო, როდესაც ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა თავისი შვილებთან ჩემი წარდგენის დროს აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელი, მუსლიმი ვიყავი.  მაშინ მისი შვილი ჩაეკითხა: „თათარია?!“ ამას მოჰყვა ლაპარაკი ჩვენზე, ქართველ მუსლიმებზეც. რვა წლის ბავშვმა ეს უკვე რატომღაც იცოდა. ჩემთვის ეს კიდე ერთი იმედგაცრუება იყო.  

თანდათანობით  ბევრი მეგობარი შევიძინე.  მათი დახმარებით ვაბალანსებ ჩემს გრძნობებს და ტკივილს. მე მჯერა ჰუმანიზმის, სოლიდარობის, თავისუფლების.  ვიცი, რომ ვისაც ამის გვჯერა უმრავლესობაში არ ვართ. მაგრამ მაინც მჯერა მზიანი და კაშკაშა მომავლის.  და ზუსტად ეს იმედი გვაერთიანებს.

დავუბრუნდეთ წარსულს! 2016 წლის არჩევნები და მარნეულში მომხდარი არეულობა ალბათ ყველას გახსოვთ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ყველამ არ იცით ამ დაძაბულობის რეალური მიზეზი.  ეს კარგად ვიცით  მარნეულელებმა. ჩვენ არ გვინდოდა, რომ პოლიტიკაში და ძალაუფლებაში მოსულიყვნენ ისინი, ვინც 90-იანი წლები და ჩვენი ტკივილი შექმნა.  ამ პერიოდის ისტორიას ვერცერთ დოკუმენტში ვერ ამოიკითხავთ, მაგრამ ის  ჩვენი ხალხის მეხსირებიდან ბოლომდე არ გამქრალა. სწორედ ამიტომაც ჩვენი თემი  აპროტესებდა იმ შესაძლებლობას, რომ მაშინდელი ქურდები და ყაჩაღები  შეიძლება პოლიტიკაშ მოსულიყვნენ. მათ უბრალო ხალხს, საკუთარი მძიმე  შრომით მოპოვებული ჰალალი ფული წაართვეს და ამით უზარმაზარი ბიზნესები მოაწყეს. მაგრამ არც ერთი ეს ადამიანი  ციხეში არ მჯდარა, პირიქით, ისინი მმართველობაში არიან.  მე ძალიან კარგად ვიცი, რომ მსგავსი ძალადობის ფაქტები ხდებოდა სხვა რეგიონებშიც, სამეგრელოში, თბილისში, პანკისში. ახლადდაბადებული სუსტი სახელმწიფო ძალადობას ვერ აკავებდა. მაგრამ  ჩვენთან ეს პროცესი არ იყო მხოლოდ ძალადობის, ყაჩაღობის და განუკითხაობის მდგომარეობა. მას შოვინისტური მიზანიც ქონდა. ჩვენ პირდაპირ გვიცხადებდნენ, რომ თათრებისგან ეს მიწა უნდა გაეთავისუფლებინათ. ახლა როგორც ასევე კულტურლად რომ გვეუბნებიან „თქვენ ჩვენ მიწა წყალს სარგელბლობთ“!

მაშინ ბევრმა ოჯახმა დატოვა საქართველო. მიატოვეს საკუთარი სახლები და ამ სახლებში ჩამოსახლებულმა ახალმა ოჯახებმა დაიდეს ბინა.  ის ადამიანები, ვინც იძულებითი გახდა რომ დატოვეს საქართველო, მისი ხელით აშენებული სახლში, მისი სახლში ცხოვრობს ის ადამიანი ვინც გააცევა. რა რთულია შენი ხელით აშენებულ სახლს მარტო შორიდან უყურებ, შენ ბავშვობა ის სახლის ეზოში თამაშობს, გიყურებს, გეძახის მაგრამ შენ ვეღარ მიდიხარ შენი სულისკენ.

 

ახლა ჩვენი ძარცვა ფიზიკურად არა, მაგრამ კულტურულად მიმდინარეობს. ყველგან ვაწყდებით სირთულეებს. ჩვენი ხმა პოლიტიკაში არ ისმის. ჩვენ არ გვაძლევენ სათანადო განათლებას. ჩვენ არ გვაძლევენ სათანადო სოციალურ რესურსებს. ხალხი ისევ დუმს. კი, დუმს. არა  იმიტიმ, რომ  გაუნათლებულნი არიან, ან  ენა არ იციან, ან გამბედარობა არ აქვთ. მათ  სხვა დარდი აქვთ. მათ არ უნდათ ისევ განმეორდეს წარსული. სახელმწიფოს იმედი კი ადამიანებს ისევ არ აქვთ.   არ უნდათ კიდე დაკარგონ თავისი ძვირფასი ადამიანი. სადაც სახელმწიფო სუსტია, იქ აღმოჩინენ მესამე პირები და ჩვენ ამ მესამე პირებთან არ გვსურს დაპირისპირება, იმიტომ კი არა გვეშინია, იმიტომ,რომ არ გვყავს, სახელმწიფო, რომელიც გვიცავს! და ზუსტად ეს ნდობის ფაქტორია, რომ ჩვენ შევძელთ ინტეგრაციას.

90-იანი წლების მოვლენებმა ისე ჩაიარა, რომ ამ პროცესის გააზრების და მონანიების სივრცეც კი არ შექმნა სახელმწიფომ. ჩვენს ტკივილთან და არაპროგნოზირებად მომავალთან ჩვენ ისევ მარტო ვართ დარჩენილები. უკვე 4 წელია მარნეულში ხდება არასასურველი ქმედებები. მოქმდებები, რომელიც ჩვენ ამ დავიწყებულ წარსულს გაგვახსენეს. ქართული მარში მარნეულამდე მოვიდა ადგილობრივი პარტინიორებთან ერთად. ისევ გვესმის სიტყვები:  ჩვენს მიწაზე ცხოვრობ და ჩვენი მიწა-წყლით სარგებლობ! ეს მიწა, ეს სამშობლო რამდენადაც თქვენია, იმდენად არის ჩვენი. ჩვენ აქ ნაყოფს და სიყვარულს ვთესავთ! მეტს არაფერს!

თუ მოანგრევ ჩემი ეროვნების მწერლის ძეგლს,  მაგარი ქართველი იქნები?  თუ ჩემი სახლის წინ ჩადგამ ჯვარს, კარგი მორწმუნე იქნები?  თუ ჩემი კულტურის კვალს წაშლი, მაგარი პატრიოტი იქნები? მე პატივს ვცემ ჯვარსაც, ქართულ კულტურასაც და ის ჩვენი საერთო კულტურის ნაწილია, მაგრამ მას დღეს ჩვენი დაქვემდებარების იარაღად იყენებენ. როგორ ვერ ვხვდებით, რომ ეს ყველაფერი ეწინაღმდგება ადამიანობას!

სულ მაქვს საფრთხის ზღვარზე ყოფნის განცდა. როგორც მაშინ, როც ექიმებს უნდა გადავერჩინე და მიმატოვეს ცარიელ საავადმყოფოში.

შეიძლება ჩემმა გახსენებამ და ქაოტურმა თხრობამ, ბევრს გააბრაზოს. ზოგიც გააოცოს. შეიძლება მომთხოვონ, რომ მეც ჩემი მშობლების დუმილის გზა გავაგრძელო და გავჩუმდე. მაგრამ მშვიდობიანი მომავალი და ერთობა მხოლოდ სიმართლეზე შეიძლება დაშენდეს. ეს ტკივილი ყველას რომ გაგვეცნობიერებინა და ამ წარსულის ლოგიკისთვის ბოლო მოგვეღო,  მეც გავჩუმდებოდი. მაგრამ როცა იგივე აზრები, იგივე ემოციები სიცოცხლეს იბრუნებს და სახელწიფო ისევ დუმს, მე იძულებული ვხვდები წარსული გავიხსენო. წარსულის გახსენებას მისი განმეორების შეკავება შეუძლია. იქნებ ამ ტექსტით იმათმაც იგრძნონ ჩვენი ტკივილი ვინც ხელაღებით ჩვენს მეორეხარისხოვნობაზე და სტუმრობაზე ლაპარაკობენ და ადამიანობა დაიბრუნონ?! კმარა.კმარა! არ დათესეთ შუღლს ჩვენ რეგიონს, ჩვენი ძმობა დაე იყოს ნამდვილი! გაჩერდეთ! სწორედ ამიტომ ვიხსენებ.  

და მაინც ველოდები, რომ ერთხელაც დილით მზე ამოვა, ჩვენ გავიწმინდებით და მხოლოდ სითბოს ვიგრძნობთ!


Comments

Popular posts from this blog

Səyahət etmək istəyənlərə kiçik tövsiyyələr

Müəllimin haqqı, haqqın müəllimi